“ორიზენი” – 9 აპრილი, თოვლი, შიშის სიმფონია…

16-17 წლის ვიქნებოდი, ქობულეთში ვიყავი, თავსხმა წვიმა გადაღებას არ აპირებდა. მეხუთე სართულის ღია ფანჯრიდან ჭაობს გადავყურებდი, “მწვანე ტალღას” ვუსმენდი და ვფიქრობდი რაღაცებზე. მოულოდბელად, გალაკტიონის გადამღერებულმა “თოვლმა” გამომაფხიზლა. ძალიან მელოდიური, სასიამოვნო ჟღერადობით შესრულებული ლექსი, ისე ჩამიჯდა თავში, არ მინდოდა დასრულებულიყო. სამწუხაროდ ვერ გავიგე ვინ იყო შემსრულებელი. მეგობრებს ვეკითხებოდი, ინტერნეტში ვეძებდი, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე “ვინოთეკაში” ვმუშაობდი და იუთუბზე ვიპოვე “ორიზენი – თოვლი”. ძალიან გამიხარდა. ვატრიალებდი და ვატრიალებდი, ვუსმენდი და იმ წლების დანაკარგს ვივსებდი, როცა ვეძებდი და ვერ ვპოულობდი.

მიკვირდა, რატო არ გახდა ეს სიმღერა ისეთი პოპულარული, როგორიც, ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო. ყველას ვასმენინებდი. ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას – არა. ვიღაც მანამდეც იცნობდა, ვიღაცისთვის სიახლე იყო, მაგრამ ე.წ. “ჰიტი” არასდროს ყოფილა. არადა, იმსახურებდა, ჩემი აზრით.

დღეს, თოვლზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ აქ. ეს პატარა შესავალი “ორიზენთან” პირველი შეხვედრის აღწერა იყო, მაგრამ გუშინ, სრულიად შემთხვევით, იუთუბის ერთ-ერთ არხზე ქექვისას, გადავაწყდი ამ ჯგუფის მთელ ალბომს, რომელიც 2006 წელს გამოუშვიათ, მე კი არაფერი ვიცოდი “თოვლის” გარდა. ათივე სიმღერას მოვუსმინე და პირდაღებული დავრჩი. ბრაზი, წყენა, გაკვირვება და სიხარული ერთდროულად დამეუფლა. ბრაზი და წყენა იმიტომ, რომ არ ვაფასებთ სათანადოდ ბევრ რამეს. შეიძლება გენიალური რამ შექმნას ადამიანმა, მაგრამ ისე ჩაიკარგოს არაფერში, რომ ყველანაირი მოტივაცია მოუკლას ახლის შექმნის. გაკვირვება და სიხარული კი იმიტომ, რომ მოულოდნელად ვიპოვე ძალიან მაგარი ქართული ჯგუფის, ძალიან მაგარი ალბომი. და, როცა ვიღაც სხვას შეიყვარებს, ამ სიმღერებზე ვესაუბრები.

თქვენით დავიწყებ და “თავისუფლებაზე” გესაუბრებით. არ დავიზარე და მთელი ტექსტი, მოსმენით ამოვიწერე:

“როცა დიად სულებს, ერთ მუშტად შეკრავს,
ერის ნება, ბორკილი დნება.
მონობის უღელს ვერ იტევს ფიქრი,
ადრე თუ გვიან, ერი აღდგება.

და არ მოიხარა ამაყი ქედები,
დაეცნენ ქალები, ვერ გახდნენ დედები.
დაჯავშნულ ტანკს სცემს კაცი ხის კეტით.
აჩერებს გაზი, საწამლავი, რეტი.
წითელი ურჩხულის ბოლო გაბრძოლება,
მრავალი ერის უთქმელი სათქმელი.
ქართველმა თქვა და დაიმსხვრა გალია,
ურჩხულმა სისხლი მაინც დალია.

არის სულის მარადი წყურვილი – თავისუფლება… თავისუფლება…
ეს არის მარადჟამს ქართველთა ნება – თავისუფლება… თავისუფლება…
იყო აპრილის გმირების ნება – თავისუფლება… თავისუფლება…
იყო, არის და იქნება ჩვენი ნება – თავისუფლება… თავისუფლება…

შიშველი ხელებით დანგრევა კედლის,
გმირობას ხშირად ჭირდება მსხვერპლი.
შედეგი: მომავალ თაობას – მეობა.
დღეს კი საქართველოს – მხნეობა, ზნეობა.
9 აპრილს, ახლა, რუსთაველი ყვავის.
ასფალტზე ამოზრდილ უთვალავ ყვავილს
ზეცად აზიდავს მრავალი სანთელი.
მრავალჟამიერ! მათ სულებს – ნათელი.

არის სულის მარადი წყურვილი – თავისუფლება… თავისუფლება…
ეს არის მარადჟამს ქართველთა ნება – თავისუფლება… თავისუფლება…
იყო აპრილის გმირების ნება – თავისუფლება… თავისუფლება…
იყო, არის და იქნება ჩვენი ნება – თავისუფლება… თავისუფლება…”

ეს არის გენიალური სიმღერა, გენიალური ტექსტით, რომელიც იდეალურად ასახავს 9 აპრილის მოვლენებს. სწორად აქცენტირებული და ლამაზად გადმოცემული ხოტბა, პატივისცემა, მოწიწება, მადლიერება იმ ნამდვილ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენს თავისუფლებას.

რაღაცაირად მრცხვენია, რომ ამ სიმღერის ავტორებს (როგორც იუთუბის აღწერიდან და ფორუმჯიდან ვიგებთ, ესენი არიან: ზურა ცინცაძე (ორიზენი), გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი), დიმა ოგანესიანი და ეკა ლონდრიშვილი) არ იცნობს ფართო საზოგადოება და არ დავაფასეთ სათანადოდ. მაშინ, როცა ჯემალ სეფიაშვილი და მისი გადამღერებული “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”, რომელსაც ასრულებს თამარა გვერდწითელი და კიდევ, არაერთი, ქვეყნის გამყიდველი ქართველი, იქცა ჰიტად და დღემდე დიდი პატივისცემით ვეპყრობით მის შემსრულებლებსა და კომპოზიტორს. იმ ჯემალ სეფიაშვიაშვილს, რომელმაც, 9 აპრილიდან 25 წლის თავზე, 9 აპრილზე მიძღვნილი სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერა გადაწყვიტა და აი ეს სიტყვები თქვა: “ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას”. არ ვიცი, ვინმეს ჭირდება თუ არა იმის შეხსენება, რომ 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანიდან, 17 ქალი იყო.

მოკლედ, სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, იმ პოზიტიური ჭრილიდან, რომ გადასარევი ქართული ჯგუფი აღმოვაჩინე, მაგრამ არსებულმა რეალობამ გადამახვევინა და თვალს ვერ დაუხუჭავ ამას.

მადლობა “ორიზენს” და ალბომს “იმპრესია”. მართლა ძალიან კარგი სიმღერები აქვთ. ყველას ჩავყრი ამ პოსტში. მოუსმინეთ, გაიცანით, დააფასეთ, შეიყვარეთ ❤

პ.ს. აქვე მადლობა იუთუბის არხს RamShemqmnaAdamianad ამ და სხვა დანარჩენი ქართული სიმღერის ერთად თავმოყრისთვის. კიდევ, ბევრ საინტერესოს ვნახავ ამ გვერდზე, გული მიგძნობს.

 

 

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

დატოვე კომენტარი