,,სიმართლის დრო” – ნაირა კალანდია

წამყვანი – ნანკა კალატოზიშვილი

მოთამაშე – ნაირა კალანდია, 62 წლის დევნილი სოხუმიდან

1) აფხაზეთის ომი პოლიტიკოსების წაგებულია?

პასუხი – კი (სიმართლე)

2) ადანაშაულებთ მეუღლეს იმაში, რომ თქვენმა ოჯახმა სოხუმი უფრო ადრე არ დატოვა?

პასუხი – კი (სიმართლე)

3) თვლით, რომ დედის მიერ ერთერთი შვილის გამორჩეულად სიყვარული დიდი შეცდომაა?

პასუხი – კი (სიმართლე)

4) თქვენი შვილი წინასწარ გრძნობდა, რომ ვერ გადარჩებოდა?

პასუხი – კი (სიმართლე)

5) გერჩივნათ თქვენი შვილის ადგილას თქვენი მეუღლე ყოფილიყო?

პასუხი – კი (სიმართლე)


6) ნამდვილად ცდილობდა რუსი ჟურნალისტი თქვენგან გამწარებული აფხაზი დედა გამოეყვანა?

პასუხი – კი (სიმართლე)
მოიგო 400 ლარი და თამაში გააგრძელა

7) დევნილის სტატუსით ცხოვრება თქვენთვის უფრო ძნელი აღმოჩნდა ვიდრე სოხუმიდან თბილისამდე გავლილი გზა?

პასუხი – არა (სიმართლე)

8) ძვირფასეულობა და ფული ,,მხედრიონელებს” გადაუმალეთ?

პასუხი – კი (სიმართლე)

9) სოხუმში დაბრუნების შემთხევავაში შეძლებთ აფხაზებთან თანაცხოვრებას?

პასუხი – კი (სიმართლე)

10) თქვენს გადარჩენას ახალგაზრდა უცნობ აფხაზს უნდა უმადლოდეთ?

პასუხი – კი (სიმართლე)

11) კაზაკები და რუსები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ?

პასუხი – კი (სიმართლე)

მოიგო 4 000 ლარი და თამაში შეწყვიტა
Advertisements

ცრურწმენებთან მებრძოლი(ს) პოსტი

,,ცრურწმენები – ეს ისაა, რასაც ბრიყვები ყველაფერს აბრალებენ”
ვოლტერი

საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ… ვერ ვიტან სიზმრებს, ყოველთვის ცუდი დასასრული აქვთ… ამჯერადაც, თვიმფრინავიდან გადმოვხტი და პარაშუტი არ გაიხსნა… გულისცემა კოდალას ხეზე კაკუნის სიჩქარეს არ ჩამოუვარდება, ვწევარ და ვფიქრობ – რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი? ვინც არ უნდა მითხრას, სიზმარში სიკვდილი კარგის ნიშანიაო, არ დავუჯერებ, დილიდან, რომ საშინელ ხასიათზე დაგაყენებს რაღაც, დადებითი როგორღა უნდა იყოს? საწოლიდან ვდგები, ძირს ვიხედები და… ,,ვაიმე ბედო უკეთურო”, მარცხენა ფეხზე ავმდგარვარ… დღის არაჩვეულებრივი დასაწყისია, ვერაფერს იტყვი.
საათს ვუყურებ, 10-ს უკლია 15 წუთი, 15 წუთში უნდა გავიდე სახლიდან, თორემ ლექციაზე დამაგვიანდება… არადა, მაღვიძარა დაყენებული მქონდა, ნეტა რატომ არ დარეკა? რისი ნიშანია? არ მომწონს ეს ყველაფერი… ხომ არ აჯობებს საერთოდ არ გავიდე სახლიდან? აშკარად არ არის დღეს ჩემი დღე, მაგრამ – არა, კოლოკვიუმს ვერ გავაცდენ…

აბაზანაში შევრბივარ ხელ-პირის დასაბანად, იქ კი საშინელება მხვდება – სარკე გატეხილა. წამიერად შიგ ჩავიხედე და ნეტა მომივა რამე? შემთხვევით მომივიდა, არ ვიცოდი, რომ გატეხილი იყო! თვალებდახუჭული ვიბან ხელ-პირს და სამზარეულოში გავდივარ. ჩქარ-ჩქარა ვიწყებ ჭამას, 2 წუთში უნდა გავიდე… პურის ასაღებად გაწვდილი ხელი სამარილეზე მიხვდება და მარილი მაგიდაზე იყრება, არ მაქვს ვინმესთან ჩხუბის თავი, ამიტომ, სასწრაფოდ, ვასხამ წყალს მიმობნეულ მარილს და მშვიდად ვაგრძელებ ჭამას – ჩხუბი თავიდან აცილებულია… ჭამაც მოვამთავრე და მაგიდის ალაგება დავიწყე, ბედი არ გინდა? ჩანგალი ძირს მივარდება… კიდევ კარგი გავრბივარ უკვე, თორემ სტუმრის მიღების დრო ნამდვილად არ მაქვს.
კარის დაკეტვისას ზევით ვიხედები და ვხედავ, რომ იქ დამაგრებული ნალი თითქმის ჩამოვარდნილია და ერთ ლურსმანს ებღაუჭება… უკმაყოფილოდ ჩავდივარ კიბეებზე და ტელეფონზე კალენდარს ვუყურებ – 13 მაისია, პარასკევი დღე… ვიღიმი და ვფიქრობ – შავი კატა აკლია ამ ყველაფერს-თქო და… აი, ბედის დაცინვა – სადარბაზოს გასასვლელში შავი კატა მირბის… ეს უკვე მეტისმეტია, დღეს დიდი უბედურება შემემთხვევა, ეს ნიშნები მაფრთხილებენ და არ ღირს მათი უყურადღებოდ დატოვება, ჭირსაც წაუღია კოლოკვიუმი, მთავარია მე ვიყო კარგად. ავალ სახლში და ფეხს აღარ გავდგამ გარეთ!
P.S. მოკლედ, ვინც ასეთ დღეში ხართ სერიოზული პრობლემაა თქვენ თავს… ასე რომ თავს უშველეთ!…

,,ბაითში” ვერ დაფასდა და საფლავში გადაბრუნდა…

არ ვაპირებ განაწყენებულმა ინგლისი – გერმანიის მატჩზე ვისაუბრო… უბრალოდ ყველა გერმანიის გულშემატკივარს ვულოცავ შემდეგ ეტაპზე გასვლას…

ახლა უბრალოდ მინდა გუშინდელ დღეს შევეხო, როცა სულმოუთქმელად ველოდი ვიქტორ ცოის საღამოს გამართვას ბარ – ,,ბაითში”… მიუხედავად იმისა, რომ ცოის დაბადების დღე 21 ივნისს იყო და საღამო 26 ივნისს იმართებოდა, ყურადღება არ მივაქციე ამას, ჯადაბას, რახან იმართება მაგას დავეძებ თქო?…

პირველად ვიყავი ,,ბაითში”… ტერიტორიულად კარგი ადგილი, ანუ 1 ,,+”… ჩასასვლელი – მიმზიდევლი და წინასწარ კარგი განწყობის შემქნელი, ანუ 2 ,,+”… შემდეგ კი… სივრცის უდიდესი ნაკლებობა 1 ,,-”… ჩახუთულობა, უჰაერობა – 2 ,,-”… არანაირი აკუსტიკა 3 ,,-”… არ ისმის შემსრულებლის ხმა და მუსიკის ტექსი (,,კინო” ტექსტის გარეშე) 4 ,,-”… აღარ გავაგრძელებ არაფრის ჩამოთვლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ აკეთებ ასეთ საღამოს უბრალოდ, მეგობრების წრეში, სადაც მღერის ყველა ვისაც უყვარს ცოი და ვინც ტექსტის მხოლოდ მისამღერი მაინც იცის, ეს არის ძალიან მაგარი და აღიარებს ყველა, რომ ,,Цой жив, Цой будет жит”!.. მაგრამ როცა ამ საღამოს აპიარებ და იწვევ უცხო ხალხს მასზე დასასწრებად, შესვლაც ფასიანია და შესაბამისად უქმნი განწყობას, რომ პროფესიონალი მუსიკოსების მიერ ორგანიზებულ ,,ივენთზე” მიდის, მაშინ ,,მაგრად ტეხავს” ეს საქციელი…
ცოი, თვით ცოიც კი საფლავში ბრუნავს ალბათ გუშინდელი დღის შემდეგ… და მეც მეწყინა, მეწყინა რომ ის ძვირფასი დრო იქ გავატარე… წამოსვლით კი ვერ წამოვიდოდი, რადგან ყოველი სიმღერისა და შესრულების შემდეგ უკეთესს ველოდი… ველოდი მაგრამ…
აი ცოი და აი ,,კინო”
,,მოკვდა კაცი, მორჩა კინო”…

,,სიმართლის დრო” – თორნიკე ბზიავა

წამყვანი – ნანკა კალატოზიშვილი

მოთამაშე – თორნიკე ბზიავა, რეჟისორი

სიკო დოლიძის შვილიშვილი და ქეთი დოლიძის შვილი

1) დიდი სიამოვნებით იქნებოდი სიკო დოლიძის მსგავსი რეჟისორი?

პასუხი – არა (სიმართლე)

2) შენი ნიჭიერება მხოლოდ მითია, რომლისაც ყველაზე მედად შენ გჯერა?

პასუხი – არა (სიმართლე)

3) შენს განათლებას რაც შეეხება – უფრო მეტი გაქვს გაგონილი ვიდრე წაკითხული?

პასუხი – კი (სიმართლე)

4) ფულბრაიტის სტიპენდია დამსახურებულად მიიღე?

პასუხი – კი (სიმართლე)

5) ჭკვიან ადამიანებთან უფრო ნაკლებს ლაპარაკობ ვიდრე ჩვეულებრივებთან?

პასუხი – არა (სიმართლე)


6) ბედნიერი ადამიანი ხარ?

პასუხი – კი (სიმართლე)
მოიგო 400 ლარი და თამაში გააგრძელა

7) მამაშენი უფრო ნიჭიერი ადამიანია ვიდრე ოჯახის დანარჩენი წევრები ერთად აღებული?

პასუხი – არა (სიმართლე)

8) მეგობრებს ბევრი ლაპარაკით თავს აბეზრებ?

პასუხი – კი (სიმართლე)

9) აჩი არველაძე შოთაზე ნიჭიერი ფეხბურთელია?

პასუხი – კი (სიმართლე)

10) როგორც სცენარისტი საკმაოდ ნიჭიერი ხარ?

პასუხი – არა (სიმართლე)

11) მიგაჩნია რომ შვილზე უფრო მეტად უნდა ზრუნავდე?

პასუხი – კი (სიმართლე)

მოიგო 4 000 ლარი და თამაში გააგრძელა

12) მეტიჩარა ხარ?

პასუხი – კი (სიმართლე)

13) როგორც რეჟისორი უფრო ნიჭიერი ხარ ვიდრე ქეთი დოლიძე?

პასუხი – კი (სიმართლე)

მეცამეტე კითხვის შემდეგ აღარ მოისმინა შემდეგი და თამაში შეწყვიტა… აღნიშნა, რომ ახსოვდა ის კითხვები რაც უკვე დაუსვეს დეტექტორზე ტესტირებისას და არ სურდა მათზე საუბარი…

მოიგო 4 000 ლარი
P.S. ეს იყო ყველაზე უინტერესო ,,სიმართლის დრო”, ყველაზე უინტერესო და არაფრისმომცემი კითხვებით, რაც კი საერთოდ გასულა ეთერში…

წინ გადადგმული ნაბიჯი უსინათლოთა წიგნიერებისკენ

წინა პოსტში აღვნიშნე, რომ 19-ში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბრაილის შრიფთით დაბეჭდილი თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის მცირე ანთოლოგიების პრეზენტაცია უნდა შემდგარიყო… ეს პრეზენტაცია დღეს შედგა და დავესწარი კიდეც…
არც ისე ცოტა ადამიანი დაესწრო პრეზენტაცია-გამოფენას, მაგრამ ვფიქრობ, მეტიც უნდა მოსულიყო
მოკლედ, მოვიხიბლე პროექტით ,,ვიმეგობროთ უსინათლოებთან” და ძალიან მინდა მცირედი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად, რამდენად ვახერხებ ამას, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ… ასე რომ ნუ იფიქრებთ რა ტვინი გაბურღა ამ კაცმა ამ პროექტითო!

კრეატიული სტუდია iGEO-ს ინიციატივით, მარიანა ნანობაშვილის რედაქტორობით და ხათუნა გოგიძის (გამომცემელი) წყალობით, გამომცემლობა ,,ტიფლოპოლიგრაფიამ” გამოუშვა ეს უნიკალური ანთოლოგიები, რომელიც ბრაილის შრიფტით არის დაბეჭდილი და 40-მდე თანამედროვე პროზაიკოსისა და 60-მდე პოეტის ნაწარმოებებს მოიცავს. ამ ფაქტმა უზომოდ გაახარა უსინათლოები, რადგან ათეულობით წლების მანძილზე, მსგავსი არაფერი გამოცემულა…

გამოფენაზე ბევრი ჩემთვის საინტერესო და აქამდე ,,უნახავი” რამ ვნახე 🙂 ამ ყველაფერს და პრეზენტაციის მიმდინარეობას, თვალსაჩინოებებით, ფოტოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ:

პოეზიის მცირე ანთოლგია

აუდიო ლიტერატურა უსინათლოთათვის

რუკა ბრაილის შრიფტით

ხმოვანი კომპიუტერი, რომლის მსგავსი, თანამედროვე აპარატურის შესაძენად ,,უსინათლოთა კავშირს” 100 000$ ესაჭიროება.

ტაქტილური (შეხებითი) ნახატი

ბრაილის შრიფტით საბეჭდი მანქანა

დაფა და ,,კალამი” ბრაილის შრიფტით საწერად

ადაპტირებული შაში უსინათლოთათვის

ადაპტირებული ჭადრაკი უსინათლოთათვის

გლობუსი უსინათლოთათვის (ჩემი რჩეული)

მე და მაკარტნი ,,Beatles Club”-ში

რა საშინელებაა დილაადრიან ნაბახუსევზე გაღვიძება, როცა თავი გისკდება, ,,მაღლივში” კი გამოცდა არ ითმენს… არადა წინა დღე-ღამე ისეთი ბედნიერი იყო, რომ საერთოდ არ გაგხსენებია გამოცდა, რომ გაგხსენებოდა მიანც ,,დაიკიდებდი”, რადგან შენი საყვარელი მუსიკოსის დაბადების დღეზე იყავი და მთელი ღამე, პერსონალურად, შენთვის მღეროდა…

გუშინ 18 ივნისი იყო და არავითარი საქმე არ მქონდა, მთელი დღე სახლში ჯდომას და დასვენებას ვაპირებდი… საღამოს 7 საათი იქნებოდა, როცა ტელეფონმა დარეკა, დავხედე ეკრანს და ,,Paul” აწერია… ,,ვა, მაკარტნი რეკავს, არადა რამდენი ხანია რა გავხსენებივარ”:

– გისმენ პოლ, რამ გაგახსენა ჩემი თავი, სად დამეკარგე შე უნამუსო კაცო?

– რავი ქილიფ, ტურნე-ტურნე, ტურნე-ტურნე აღარ შემიძლია უკვე, დღევანდელი დღეც ძლივს გამოვჭერი და ჩამოვედი. კიდე მე ვარ უნამუსო? არ გცხვენია ბიჭო? მე უნდა გირეკავდე დღეს?

– დღეს რა, რითია განსაკუთრებული დღე? გორდონ ბრაუნი მოკვდა თუ ჯონის წლისთავია?

– რა რიცხვია ბიჭო დღეს? უნამუსო ხარ აბა რა ხარ? არ იყავი ამ დარეკვის ღირსი…

– 18 ივნი… ვაიმე პოოლ! ჩემი სიკვდილი, რამ დამავიწყდა? აუ მართლა შემაგინე თუ გინდა, ნამდვილად ღირსი ვარ, როგორ უნდა დამვიწყებოდა შენი დაბადების დღე? 68-ის გახდი ხო?… აუ მაპატიე და გილოცავ რა! ხო იცი როგორ მიყვარხარ, გავითიშე უბრალოდ…

– კარგი ხო, ვიცი რა დაბნეულიც ხარ ბოლო დროს და შენგან რა უნდა მეწყინოს, რამდენი ხანია არ მინახიხარ, მომენატრე… სად ხარ ახლა?

– სად ვიქნები, სახლში ვზივარ და მახათს ვეძებ.

– უახლოესი მეგობრები არიან აგერ ,,Beatles Club”-ში რუსთაველზე და გამოირბინე რა, შენს გარეშე არ ვიწყებთ.

– აუ მაგ უბედურებაში რამ ჩაგიყვანათ? თუმცა რამდენს შვება სახელი?  კაი ხო 20 წუთში მანდ ვარ…

უცბად გადავიცვი მაისური, ჩავიცვი კედები, გავაჩერე ტაქსი, დავევაჭრე (როგორც ყოველთვის) და 15 წუთში კლუბში ვიყავი კიბეზე… პირველივე, პოლი გამომეგება და როგორც 20 წლის უნახავ მეგობრებს შეეფერება, ისე გადავეხვიეთ ერთმანეთს… ჩახუტების შემდეგ ჯიბეში 50 ლარიანი ,,ჩავუკუჭე” და მოვუბოდიშე: ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარი-თქო… გამიღიმა, ხელი გადამხვია და მაგიდასთან დამსვა, თან მეგობრებს მაცნობდა ნელ-ნელა… არცერთს არ ვიცნობდი და სახეზეც არავინ მყავდა ნანახი, მაგრამ ეტყობოდათ, კარგი ხალხი უნდა ყოფილიყვნენ…

პოლმა ჭაჭა შემოდგა მაგიდაზე და მომმართა: ,,შენს საპატივცემულოდ დღეს მხოლოდ ჭაჭა დაილევა, ყველა დაკრული სიმღერა კი მხოლოდ შენ მოგეძღვნება”! დავიბენი… გაკვირვებულმა ვკითხე: ,,კი მაგრამ დღეს ჩემი დაბადების დღეა თუ შენი”? გამიღიმა და მეგობრებს მიუბრუნდა: ,,ეს კაცი ისე მომენატრა, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მას მინდა მივუძღვნა, იმედია წინააღმდეგი არც თქვენ იქნებით და მოდით მოვილხინოთ, ისე, როგორც ამ ქვეყანაშია მიღებული”…


ბევრი რომ არ გავაგრძელო, მართლა ქართულად ჩავთვერით და ფეხზე ძლივს ვიდექით, მაგრამ არავითარი შელაპარაკება, ,,გამო გარეთ ვიბაზროთ” და ,,კაი ბიჭების ძმა ვარ, ბიჭო” არ ყოფილა… მთვრალი პოლი არაჩვეულებრივად მღეროდა და ბოლოს მთხოვა: ,,კიდევ ერთ სიმღერას მოგიძღვნი, ოღონდ შენც უნდა მიძღვნა შენეული ,,ბრეიქ-დანსი”. რა პრობლემაა თქო და ,,Simply Having A Wonderful Christmas Time”-ის გაგონებაზე მაშინვე ავცეკვდი, მაგრამ მოულოდნელად ხელი რაღაცას ძალიან მწარედ ჩამოვარტყი და…


… და ასე გამომეღვიძა თავატკიებულს გამოცდის წინ… არაუშავს, გამოცდას როგორმე დავწერ, ეს მოგონება კი ცხოვრების ბოლომდე გამყვება…

Happy Birthday Paul

მე ვმეგობრობ უსინათლოებთან!

არაერთხელ მიფიქრია, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი (შ.შ.მ.პ.) ხალხის დამოკიდებულების შესახებ… სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა თანაგძნობით იმსჭვალება მათ მიმართ და ,,ეცოდება” ისინი, არადა არანაირი თანაგრძნობა, დაყვავება და სიბრალულით თავზე ხელის გადასმა არ ჭირდებათ, მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ხალხმა გამორჩეულად არ აღიქვან ისინი და მიიღონ თავიანთ წრეში ისე, როგორც ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ადამიანი…

ადრე Facebook-ზე ვნახე ჯგუფი – ,,ვიმეგობროთ უსინათლოებთან”, შემდეგ მათივე ბლოგი და გავიგე, რომ განხორციელდება ძალიან კარგი პროექტი – გამოიცემა თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების 2 ლიტერატურული კრებული ბრაილის შრიფტით, ეს ფაქტი იმით არის აღსანიშნავი, რომ წლების მანძილზე, საქართველოში არ დაბეჭდილა ლიტერატურული ღირებულების მქონე მასალა ბრაილის შრიფტით. ამ წიგნების პრეზენტაცია კი 19-20 ივნისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგება:

ლიტერატურა და კულტურული განვითარება უსინათლოთათვის კარგია, მაგრამ მხოლოდ მათ ნაკლებობას არ განიცდიან ისინი… ზუსტად არ ვიცი რამდენი ხმოვანი შუქნიშანია თბილისში, მაგრამ იმ უამრავ შუქნიშნებს შორის, რომლებთანაც მე მიწევს მოხვედრა, მხოლოდ მარჯანიშვილისა და ისნის მეტროს მიმდებარე ტერიოტირიაზე დგას ხმოვანი შუქნიშანი… ანუ, თუ კეთილსინდისიერი პიროვნება არ გამოჩნდა და არ დაეხმარა გზაზე გადასვლაში, უსინათლო ადამიანი დამოუკიდებლად, ვერ გადავა უსაფრთხოდ… გარდა ხმოვანი შუქნიშნებისა, ქალაქში ყველა კიბეს არ აქვს მოაჯირი, რაც ძალიან დიდ სირთულეს უქმნის უსინათლოებს…

პროექტ ,,ვიმეგობროთ უსნიათლოებთან”-ის ფარგლებში, დღეს, გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მწერლებმა და პოეტებმა: თამარ ფხაკაძემ, თეონა დოლენჯაშვილმა, გიორგი კეკელიძემ და დავით – დეფი გოგიბედაშვილმა მიიღო. მათ რამდენიმე დავალება ჰქონდათ შესასრულებელი: 1) რუსთაველის მეტროდან ,,კინო სახლამდე” მისვლა, 2) კიბეებზე ასვლა და 3) ფულის ,,ამოცნობა”, ოღონდ ეს დავალებები თვალებახვეულებს უნდა შეესრულებინათ…

სიმართლე გითხრათ, თავიდან ვფიქრობდი, რომ სისულელეა ეს თვალების აკვრა და ისე სიარული, ვითომ რას ამტკიცებ ამით? 1 დღე, 2 დღე, თუნდაც 1 კვირაც რომ იარო ასე, მაინც იცი, რომ უსინათლო არ ხარ და ვერაფერს შეცვლი ამ საქციელით, უსინათლოსთან ერთადაც რომ იარო, ამით მას სიკეთეს ვერ მოუტან და უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება მისთვის… მოკლედ, ეს ყველაფერი, ბოდიში და ,,უაზრო სიცანცარედ” მოვნათლე, მაგრამ, როცა დავფიქრდი, აზრი შემეცვალა… მივხვდი, რომ ეს სიმბოლური თვალების ახვევა, დაგანახებს თუ რა რთულია უსინათლოდ ყოფნა, კარგად შეიგრძნობ მის განცდებს სიარულის დროს, ნახავ, რომ გზაზე ვერ გადახვალ ხმოვანი შუქნიშნის გარეშე და კიბეზე მოაჯირის დაუხმარებლად კისერს წაიმტვრევ და მაშინ მიხვდები, რომ მაქსიმალური უნდა გაიღო ამ ადამანების ხელშესაწყობად, გააგებინო მათ ვისაც არ განუცდია თუ როგორია უსინათლოდ ყოფნა და ყველამ ერთად იმდენი მაინც შევძლოთ, რომ ელემენტარული პირობები შევუქმნათ სრულფასოვნად ცხოვრებისათვის…

არ ვიცი, როგორ გაიგეთ ჩემი სათქმელი… ალბათ ზოგისთვის პათოსია, ზოგისთვის გულიდან ამოსული სიტყვები, ზოგისთვის ხმამაღალი ნაფიქრი და ვიღაცისთვის სისულელე… მაგრამ პირად მე ვისურვებდი, რომ ყველა ისე ფიქრობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მე…

ახლა კი დღევანდელი აქციის ამსახველი ფოტოკოლაჟი:
დეფის მზადება

დეფი, თამარ ფხაკაძე, დათო ყვირილიანი (უსინათლო), თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი კეკელიძე

აი, როგორი რთულია სწორად ორიენტირება

დეფიმ ყველაზე კარგად გაართვა თავი პირველ დავალებას

უმოაჯირო კიბეზე ასვლის წინ

დათო და დეფი

თამარი და თეონა

პირველ ცდაზე ვერ შეძლეს ფულის ამოცნობა

მეორე ცდაზე კი მხოლოდ 100 და 20 ლარიანი ამოიცნეს

როგორც უსინათლოები აღნიშნავენ, მათ ძალიან გაუხარდათ, რომ რკინის 1 და 2 ლარიანი მონეტები შემოვიდა ხმარებაში, ხურდა ფულის გარჩევას ძალიან ადვილად ახერხებენ ხელით, ქაღალის ფულის გარჩევა კი შედარებით უჭირთ… როგორც დათო ყვირილიანმა გვითხრა: დიდი სიამოვნებით ჩააყოლებდა სხვადასხვა რაოდენობის წერტილებს ქაღალდის ფულის ბეჭდვისას, რომ მეტად გაადვილებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა…