Mortal Childhood

მე 2 ბოცა მიმქონდა, ჩემ ძმას წყლით სავსე 2 დიდი “კანისტრა” და სახლისკენ მივდიოდით გვერდითა უბნიდან (იმ კორპუსებში არასდროს წყდებოდა წყალი). მივდიოდით და ვლაპარაკობდით, ჩვევა მქონდა, სიარულის დროს რაც წინ შემხვდებოდა ფეხის წაკვრით ვაგორავებდი, ან გზიდან გვერდზე ვაგდებდი. იმჯერად, უბრალო პოლიეთილენის პარკს მოვუქნიე ფეხი და აშკარად, ხურდის დავარდნის ხმა მოგვესმა, შევათვალიერეთ გზა და 50 თეთრიანი ვიპოვნეთ.  ვიღაცისთვის 50 თეთრი ხაჭაპური იყო, ვიღაცისთვის “2 პაჩკა ბაბოლი”, ვიღაცისთვის – ცხელი შოთი და ლიმონათი, ჩვენთვის კი, ეს 50 თეთრი, ნახევარ საათ “მორტალ-კომბატის” თამაშს უდრიდა, რამაც ისე გაგვახარა, რომ სირბილით ავიტანეთ წყლები სახლში და სირბილითვე დავეშვით ზე-ემ-კისკენ “ტარიელას გარაჟში” სათამაშოდ.

8-9 წლის ვიქნებოდი, და არც ისე ცოტა გასართობი გვქონდა იმ დროს, მაგრამ არც “კორპუსი-კორპუსზე”/”უბანი-უბანზე” ფეხბურთის თამაშს, არც “კრიშკების” თამაშს და არც “გრენდაიზერის” ყურებას არ ჰქონია იმხელა სიამოვნება, რაც SEGA-ზე “მორტალ-კომბატის” თამაში იყო. სეგა ძვირი ღირდა და არავის ჰქონდა მისი ყიდვის საშუალება, კორპუსში ცხოვრობდა 117 ოჯახი და აქედან 3 ოჯახში გვქონდა “დენდი” და “სიუბორი” (ჩემმა 7 წელი გაძლო), ვთამაშობდით “კონტრას”, “ტანკებს”, “მარიოს”, “ჩიპი დეილს”, “რობო-კოპს”, “სუპერ მარიოს”, მაგრამ ფიქრები მაინც მორტალ-კომბატისკენ გვქონდა და მხოლოდ “ტარიელას გარაჟში” ვგრძნობდით თავს ბედნიერად. კაბალით დაწყებული დილა ფატალიტებითა და ბრუტალიტებით მთავრდებოდა. Read more of this post

Advertisements