რჩევა ,,ხერხი 7″-ზე წამსვლელთათვის

სამწუხაროდ პოსტს ვწერ საკმაოდ დაგვიანებით: 18 ნოემბრის შესახებ 23-ში ვწერ, მაგრამ მგონი მეპატიება, რადგან მხოლოდ დღეს დავბრუნდი სიონის სუსხიანი ტყიდან (ეს ცალკე ისტორიაა)…

კინო რუსთაველმა 2 ბილეთი ,,მიფეშქაშა” ,,ხერხი 7″-ის პრემიერაზე და 18 ნოემბერს, დიდი ხნის უნახავ კინოთეატრს ვესტუმრე… არც კინომანი ვარ და არც კინოთეატრების მოყვარული, ფილმის ყურებას სახლში, მეგობრების წრეში ვარჩევ ხოლმე, მაგრამ ,,ხერხი” არის ფილმი, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ველი, კინოთეატრები კი ხშირად მიცრუებდნენ იმედებს და დიდ ეკრანზე ნახვის საშუალებას არ იძლეოდნენ… წელს კი, წელს ამის საშუალება არის და თან 3D-ში, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ვერ გავიგე რისთვის მეკეთა ის სათვალე?..

შინაარსს არ მოგიყვებით, მაგრამ ,,ხერხისა” და კრამერისეული იდეის მოყვარულებს ვურჩევდი ამ ფილმის დიდ ეკრანზე ნახვას: საგრძნობი ეფექტი აქვს ხმამაღლა მოსმენილ ჯონ/ამანდა/ჰოფმანის ,,თოჯინისეულ” ხმას და ნათლად დანახულ სისხლისა და ნაწლავის წვიმას 🙂 დიახ, ბევრი სისხლია, მაგრამ საშიში ნამდვილად არაფერია, სიცილით მოვკვდი გამოსვლისას სასწრაფო რომ შევნიშნე მობილიზებული (ალბათ სიფრთხილეს ისევ არ ატკივებია თავი)… თუმცა 16 წლამდე რეკომენდირებული მაინც არ არის…

სანამ დარბაზში შეხვიდოდეთ 1 რჩევა მინდა მოგცეთ ყველას: მიუხედავად იმისა რომ ეს ,,ხერხის” ბოლო ნაწილია და დასასრული გრანდიოზული უნდა იყოს, ნუ მიხვალთ იმ განწყობით რომ რაღაც სასწაულს ნახავთ… უბრალოდ წარმოდიგინეთ დაახლოებით იგივე, რაც მანამდეც განიჭებდათ სიამოვნებას… 7-ე ნაწილი არ ჯობია არცერთ ,,წინამორბედს”, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ საგრძნობლად ჩამოუვარდება მათ… საკმაოდ კარგად ვითარდება სცენარი და ეფექტები წარმოუდგენლად რეალური და დახვეწილია…

პირადად მე კმაყოფილი ვარ ამ ფილმის დიდ ეკრანზე ხილვით და განცდილი შთაბეჭდილებებით… მითუმეტეს რომ ამ ყველაფერს მარტო არ ვადევნებდი თვალს… ანუ მეორე ბილეთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის 🙂

დეზინფორმაცია – ანუ ბლოგი, რომელმაც იმედგაცრუებული დამტოვა

10 დღეზე მეტ ხანს მოუთმენლად ველოდი 21 ოქტომბრის დადგომას, იმიტომ რომ კინობლოგზე წავიკითხე:

პოსტის სათაური:

ხერხი 7 – ჯერ არნახული 3D

პოსტის შიგთავსი:

21 ოქტომბრიდან კინოთეატრ რუსთაველში გრანდიოზული 3D.

და 2 ტრეილერს მოიცავდა პოსტი!

საუკუნეა კინოთეატრში არ ვყოფილვარ და სურვილიც არ გამჩენია, რომელიმე ფილმზე წასვლის, მაგრამ ,,ხერხი” ის შემთხვევაა, როცა, უბრალოდ, ვერ შევძლებდი უარის თქმას, მითუმეტეს პრემიერაზე და თან 3D პრემიერაზე…

Read more of this post