წინ გადადგმული ნაბიჯი უსინათლოთა წიგნიერებისკენ

წინა პოსტში აღვნიშნე, რომ 19-ში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბრაილის შრიფთით დაბეჭდილი თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის მცირე ანთოლოგიების პრეზენტაცია უნდა შემდგარიყო… ეს პრეზენტაცია დღეს შედგა და დავესწარი კიდეც…
არც ისე ცოტა ადამიანი დაესწრო პრეზენტაცია-გამოფენას, მაგრამ ვფიქრობ, მეტიც უნდა მოსულიყო
მოკლედ, მოვიხიბლე პროექტით ,,ვიმეგობროთ უსინათლოებთან” და ძალიან მინდა მცირედი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად, რამდენად ვახერხებ ამას, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ… ასე რომ ნუ იფიქრებთ რა ტვინი გაბურღა ამ კაცმა ამ პროექტითო!

კრეატიული სტუდია iGEO-ს ინიციატივით, მარიანა ნანობაშვილის რედაქტორობით და ხათუნა გოგიძის (გამომცემელი) წყალობით, გამომცემლობა ,,ტიფლოპოლიგრაფიამ” გამოუშვა ეს უნიკალური ანთოლოგიები, რომელიც ბრაილის შრიფტით არის დაბეჭდილი და 40-მდე თანამედროვე პროზაიკოსისა და 60-მდე პოეტის ნაწარმოებებს მოიცავს. ამ ფაქტმა უზომოდ გაახარა უსინათლოები, რადგან ათეულობით წლების მანძილზე, მსგავსი არაფერი გამოცემულა…

გამოფენაზე ბევრი ჩემთვის საინტერესო და აქამდე ,,უნახავი” რამ ვნახე 🙂 ამ ყველაფერს და პრეზენტაციის მიმდინარეობას, თვალსაჩინოებებით, ფოტოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ:

პოეზიის მცირე ანთოლგია

აუდიო ლიტერატურა უსინათლოთათვის

რუკა ბრაილის შრიფტით

ხმოვანი კომპიუტერი, რომლის მსგავსი, თანამედროვე აპარატურის შესაძენად ,,უსინათლოთა კავშირს” 100 000$ ესაჭიროება.

ტაქტილური (შეხებითი) ნახატი

ბრაილის შრიფტით საბეჭდი მანქანა

დაფა და ,,კალამი” ბრაილის შრიფტით საწერად

ადაპტირებული შაში უსინათლოთათვის

ადაპტირებული ჭადრაკი უსინათლოთათვის

გლობუსი უსინათლოთათვის (ჩემი რჩეული)

მე ვმეგობრობ უსინათლოებთან!

არაერთხელ მიფიქრია, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი (შ.შ.მ.პ.) ხალხის დამოკიდებულების შესახებ… სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა თანაგძნობით იმსჭვალება მათ მიმართ და ,,ეცოდება” ისინი, არადა არანაირი თანაგრძნობა, დაყვავება და სიბრალულით თავზე ხელის გადასმა არ ჭირდებათ, მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ხალხმა გამორჩეულად არ აღიქვან ისინი და მიიღონ თავიანთ წრეში ისე, როგორც ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ადამიანი…

ადრე Facebook-ზე ვნახე ჯგუფი – ,,ვიმეგობროთ უსინათლოებთან”, შემდეგ მათივე ბლოგი და გავიგე, რომ განხორციელდება ძალიან კარგი პროექტი – გამოიცემა თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების 2 ლიტერატურული კრებული ბრაილის შრიფტით, ეს ფაქტი იმით არის აღსანიშნავი, რომ წლების მანძილზე, საქართველოში არ დაბეჭდილა ლიტერატურული ღირებულების მქონე მასალა ბრაილის შრიფტით. ამ წიგნების პრეზენტაცია კი 19-20 ივნისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგება:

ლიტერატურა და კულტურული განვითარება უსინათლოთათვის კარგია, მაგრამ მხოლოდ მათ ნაკლებობას არ განიცდიან ისინი… ზუსტად არ ვიცი რამდენი ხმოვანი შუქნიშანია თბილისში, მაგრამ იმ უამრავ შუქნიშნებს შორის, რომლებთანაც მე მიწევს მოხვედრა, მხოლოდ მარჯანიშვილისა და ისნის მეტროს მიმდებარე ტერიოტირიაზე დგას ხმოვანი შუქნიშანი… ანუ, თუ კეთილსინდისიერი პიროვნება არ გამოჩნდა და არ დაეხმარა გზაზე გადასვლაში, უსინათლო ადამიანი დამოუკიდებლად, ვერ გადავა უსაფრთხოდ… გარდა ხმოვანი შუქნიშნებისა, ქალაქში ყველა კიბეს არ აქვს მოაჯირი, რაც ძალიან დიდ სირთულეს უქმნის უსინათლოებს…

პროექტ ,,ვიმეგობროთ უსნიათლოებთან”-ის ფარგლებში, დღეს, გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მწერლებმა და პოეტებმა: თამარ ფხაკაძემ, თეონა დოლენჯაშვილმა, გიორგი კეკელიძემ და დავით – დეფი გოგიბედაშვილმა მიიღო. მათ რამდენიმე დავალება ჰქონდათ შესასრულებელი: 1) რუსთაველის მეტროდან ,,კინო სახლამდე” მისვლა, 2) კიბეებზე ასვლა და 3) ფულის ,,ამოცნობა”, ოღონდ ეს დავალებები თვალებახვეულებს უნდა შეესრულებინათ…

სიმართლე გითხრათ, თავიდან ვფიქრობდი, რომ სისულელეა ეს თვალების აკვრა და ისე სიარული, ვითომ რას ამტკიცებ ამით? 1 დღე, 2 დღე, თუნდაც 1 კვირაც რომ იარო ასე, მაინც იცი, რომ უსინათლო არ ხარ და ვერაფერს შეცვლი ამ საქციელით, უსინათლოსთან ერთადაც რომ იარო, ამით მას სიკეთეს ვერ მოუტან და უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება მისთვის… მოკლედ, ეს ყველაფერი, ბოდიში და ,,უაზრო სიცანცარედ” მოვნათლე, მაგრამ, როცა დავფიქრდი, აზრი შემეცვალა… მივხვდი, რომ ეს სიმბოლური თვალების ახვევა, დაგანახებს თუ რა რთულია უსინათლოდ ყოფნა, კარგად შეიგრძნობ მის განცდებს სიარულის დროს, ნახავ, რომ გზაზე ვერ გადახვალ ხმოვანი შუქნიშნის გარეშე და კიბეზე მოაჯირის დაუხმარებლად კისერს წაიმტვრევ და მაშინ მიხვდები, რომ მაქსიმალური უნდა გაიღო ამ ადამანების ხელშესაწყობად, გააგებინო მათ ვისაც არ განუცდია თუ როგორია უსინათლოდ ყოფნა და ყველამ ერთად იმდენი მაინც შევძლოთ, რომ ელემენტარული პირობები შევუქმნათ სრულფასოვნად ცხოვრებისათვის…

არ ვიცი, როგორ გაიგეთ ჩემი სათქმელი… ალბათ ზოგისთვის პათოსია, ზოგისთვის გულიდან ამოსული სიტყვები, ზოგისთვის ხმამაღალი ნაფიქრი და ვიღაცისთვის სისულელე… მაგრამ პირად მე ვისურვებდი, რომ ყველა ისე ფიქრობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მე…

ახლა კი დღევანდელი აქციის ამსახველი ფოტოკოლაჟი:
დეფის მზადება

დეფი, თამარ ფხაკაძე, დათო ყვირილიანი (უსინათლო), თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი კეკელიძე

აი, როგორი რთულია სწორად ორიენტირება

დეფიმ ყველაზე კარგად გაართვა თავი პირველ დავალებას

უმოაჯირო კიბეზე ასვლის წინ

დათო და დეფი

თამარი და თეონა

პირველ ცდაზე ვერ შეძლეს ფულის ამოცნობა

მეორე ცდაზე კი მხოლოდ 100 და 20 ლარიანი ამოიცნეს

როგორც უსინათლოები აღნიშნავენ, მათ ძალიან გაუხარდათ, რომ რკინის 1 და 2 ლარიანი მონეტები შემოვიდა ხმარებაში, ხურდა ფულის გარჩევას ძალიან ადვილად ახერხებენ ხელით, ქაღალის ფულის გარჩევა კი შედარებით უჭირთ… როგორც დათო ყვირილიანმა გვითხრა: დიდი სიამოვნებით ჩააყოლებდა სხვადასხვა რაოდენობის წერტილებს ქაღალდის ფულის ბეჭდვისას, რომ მეტად გაადვილებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა…