ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები

ნობელის პრემიის პირველი დიპლომები 1901 წლის 10 დეკემბერს მიიღეს ვილჰელმ რენტგენმა ფიზიკაში, იაკობუს ვან–ჰოფმა ქიმიაში, ემილ ფონ ბერინგმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, რენე სალი–პრუდონმა ლიტერატურაში, ხოლო მშვიდობის პრემია გაიყო ანრი დიუნანსა და ფრედერიკ პესის შორის.

ვილჰელმ რენტგენი

ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ფიზიკაში ვილჰელმ კონრად რენტგენი (1845–1923 წწ.) გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი იყო. მას პრემია მიეკუთვნა 1895 წელს ე.წ. X-სხივების აღმოჩენისათვის, რომლებსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. რენტგენის აღმოჩენა საფუძვლად დაედო მეცნიერების ახალი დარგებისა და განხრების შექმნასა და განვითარებას; ასეთებია: რენტგენო–სტრუქტურული ანალიზი, რენტგენოსკოპია, რენტგენოდეფექტოსკოპია, რენტგენული ასტრონომია და სხვა დარგები.

ა. იოფეს სიტყვებით, რენტგენი კლასიკური ფიზიკის გამოჩენილი წარმომადგენელი იყო; თავისი აღმოჩენითმან დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ფიზიკის განვითარებაზე.

იაკობუს ვან–ჰოფი

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი – იაკობუს ჰენრიკუს ვანტ–ჰოფი ყოველთვის ითვლებოდა უდიდეს ფიგურად ქიმიურ მეცნიერებაში. მისმა შრომებმა საფუძველი შეუქმნეს ახალი მეცნიერების – ფიზიკური ქიმიის ჩამოყალიბებას. ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში, 1874 წელს, გამოაქვეყნა კლასიკური შრომა ნახშირბადის ატომის ასიმეტრიის შესახებ. 1901 წელს ვანტ–ჰოფს მიეკუთვნა ნობელის პრემია მონოგრაფიისათვის ,,ქიმიური დინამიკის საფუძვლები”, რომელიც გამოქვეყნდა 1884 წელს და ოსმოსური წნევის კანონის აღმოჩენისათვის, რაც მან 1885 წელს მოახდინა. ნობელის კომიტეტის ფორმულირება პრემიის მინიჭების თაობაზე სწორედ ასეთი იყო – ,,ქიმიური დინამიკის კანონებისა და ხსნარებში ოსმოსური წნევის აღმოჩენის განსაკუთრებული მნიშვნელობისათვის”; ამრიგად, ვანტ–ჰოფს ნობელის პრემია მიენიჭა მე–19 საუკუნეში შესრულებული შრომებისათვის.

Read more of this post

ალფრედ ნობელის ანდერძი, ანუ ნობელის პრემიის დაარსება

სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, 1895 წლის 27 ნოემბერს, ალფრედ ნობელმა შეადგინა თავისი ანდერძი. მისი სიკვდილის შემდეგ, ანდერძის გამოქვეყნებამდე მისი ნათესავები და საქმოსანი კოლეგები იმედს არ კარგავდნენ, რომ ნობელი მათ ყურადღებას არ მოაკლებდა.

სიკვდილის წინ ალფრედ ნობელს ძალიან დიდი კაპიტალი ჰქონდა – ის შეადგენდა 33,3 მილიონ შვედურ კრონს, დაახლოებით ასეთივე თანხით იყო შეფასებული მისი უძრავი ქონებაც, ასე რომ ნობელი XIX საუკუნის დამლევს მსოფლიოში ერთერთი უმდიდრესი კაპიტალისტი იყო.

ყველა გააკვირვა ნობელის გადაწყვეტილებამ, როცა მან მთელი თავისი კაპიტალი საზოგადოებას უანდერძა.

ალფრედ ნობელის ანდერძის სრული ტექსტი

,,მე, ქვემო ხელისმომწერი, ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, მოფიქრების შემდეგ ვაცხადებ ჩემს საბოლოო ანდერძს იმ ქონების მიმართ, რომელიც შევიძინე ჩემი გარდაცვალების დროისთვის.

მთელი ჩემი დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: ჩემმა ანდერძის აღმსრულებლებმა კაპიტალი ფასიან ქაღალდებად უნდა აქციონ და შექმნან ფონდი, რომლის პროცენტებიც გაუნაწილდება პრემიის სახით მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას.

აღნიშნული პროცემტები უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან გამოგონება ეკუთვნის ფიზიკის დარგში; მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში; მესამე – მას, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში; მეოთხე – ვინც შექმნის იდეალისტური მიმართულების განსაკუთრებულ ნაწარმოებს და მეხუთე – ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერების შემჭიდროებაში, მონობის მოსპობის ან არსებული არმიების შემადგენლობის შემცირებაში და ხელს შეუწყობს სამშვიდობო კონფერენციების ჩატარებას.

ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს პრემიებს მიანიჭებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – კაროლინის ინსტიტუტი სტოკჰოლმში, ლიტერატურაში – აკადემია სტოკჰოლმში, მშვიდობისათვის მებრძოლებს კი – ხუთი კაცისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ნორვეგიის სტორტინგი აირჩევს. ჩემი ჩემი დაბეჯითებითი სურვილია, რომ პრემიების მინიჭებისას ყურადღება არ მიექცეს კანდიდატების ეროვნებას, რათა პრემია ყველაზე ღირსეულმა მიიღოს, დამოუკიდებლად იმისა, სკანდინავიელია იგი თუ არა.

ეს ანდერძი უკანასკნელი და საბოლოოა, მას კანონიერი ძალა აქვს და იგი აუქმებს ჩემს ყველა წინა ანდერძს, თუკი ასეთი გამოჩნდება ჩემი სიკვდილის შემდეგ.

და ბოლოს, ჩემი აუცილებელი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოცდილმა ექიმმა დაადგინოს ჩემი სიკვდილის ფაქტი და მხოლოდ შემდგომ დაიწვას გვამი.”

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი

პარიზი, 27 ნოემბერი, 1895 წ.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 179 other followers