მონტაჟ-მონტაჟ შეკოწიწებული ,,სპეციალური რეპორტაჟი”

რამდენიმე დღის წინ, ვაკეში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვედი თუ არა, ჟურნალისტმა გოგომ და ოპერატორმა გამაჩერეს, რამდენიმე კითხვას დაგისვამთო…

არც მაშინ გავამახვილე მათზე ყურადღება, არც გუშინდელი სიუჟეტის ნახვის მერე ვაპირებდი რამის დაწერას, ვთვლიდი, რომ ყველა ერთსულოვნად აღიარებდა სიუჟეტის ,,მარაზმულობას”, ერთ-ორ აუგ სიტყვას იტყოდნენ ,,სპეციალურ რეპორტაჟზე” და ყველაფერი მალევე მიეცემოდა მივიწყებას… მაგრამ ასე არ მოხდა და ამ სიუჟეტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვნახე რომ ჩემი ფეისბუქ-მეგობრები აშეარებდნენ ამ სიუჟეტს, რასაც კომენტარებში მოჰყვებოდა ორგვარი შეფასება: 1) ფუ, რა იდიოტური სიუჟეტია, აი კიდევ ერთი მოდელირებული სპეც. რეპორტაჟი; 2) ვაიმე ღმერთო, რა დღეშია საქართველო? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი გაუნათლებლები? მცხვენია რომ ასეთ ახალგაზრდებს სტუდენტები ჰქვიათ!

… ახლა კი დავუბრუნდები მიწისქვეშა გადასასვლელთან შემდგარ საუბარს. ჟურნალისტმა ,,იმედის” ლოგოიანი მიკროფონი მომიშვირა და რამდენიმე კითხვა დამისვა, მე კი ვპასუხობდი…

ვუპასუხე რომ: პეტრე მელიქიშვილი უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო; ბიჭოლა -დიზაინერი; ილია მართალი – ილია ჭავჭავაძე; იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი; ვუთხარი რომ შოთა რუსთაველს არასდროს უმეფია და კონსტანტინე გამსახურდიაც არასდროს ყოფილა პრეზიდენტი…

ჟურნალისტმა გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, თავის დაკვრით მადლობა გადამიხადა და ოპერატორს უთხრა: ,,მგონი ვეღარავის ვამატებთ და რაც გვაქვს მარტო იმის მონტაჟი მოგვიწევს”… ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე ნეტა რა სიუჟეტს აკეთებენ? რისთვის ჩამწერეს მეთქი, მაგრამ მალევე დავუბრუნდი, მათ შეხვედრამდე შეწყვეტილ ფიქრებს და გზა გავაგრძელე…

ახლაღა ვხვდები როგორ გამიცრუებია იმ ჟურნალისტის იმედები… ამ პოსტით კი პასუხს ვცემ იმ კითხვას, რომელიც ყველას აწუხებს ვინც კი ეს სიუჟეტი ნახა: როგორ დავიჯერო რომ სწორი პასუხი არცერთ რესპოდენტს არ გაუცია? – არც უნდა დაიჯეროთ 😉

Advertisements

მე, ტანია მარია და ჩემი მოლოდინი

ის სან ლუისში დაიბადა, მე – თბილისში.

ორივემ 7 წლის ასაკში დავიწყეთ პიანინოზე დაკვრა… ის ბრაზილიურ, კლასიკურ მელოდიებს უკრავდა, მე მხოლოდ ,,დავლევ, დავლევ აბა რას ვიზამ?“ ვიცოდი.

ის 13 წლის ასაკში იმ მუსიკალური ჯგუფის ლიდერი იყო, რომელმაც ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვა და მთავარი პრიზი აიღო. მე 13 წლის ვიყავი, როცა ,,კადეტთა კორპუსში“ ჩავირიცხე (,,დავლევ“-ით ვერ გავყევი მუსიკას, თურმე სმენაც საჭირო ყოფილა)…

,,მე ბრაზილიელი ვარ და სიმღერა არის დიდებული ტრადიცია რაც გაგვაჩნია“ – ამბობს ის; ,,მე ქართველი ვარ და ღრეობა არის უძველესი ტრადიცია რაც გაგვაჩნია“ – ვამბობ მე…

მას ტანია მარია ჰქვია და მთელი მსოფილიო იცნობს, როგორც: პიანისტს, მომღერალს, კომოზიტორს, ხმის რეჟისორს, მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელს და ხანდახან ჯაზის დედოფლადაც მოიხსენიებენ ; ჩემი სახელი არავინ იცის და მიცნობენ, როგორც: ბლოგერს, სტუდენტს, ბლოგერს, სტუდენტს და ხანდახან ბლოგერ სტუდენტადაც მომიხსეინებენ…

არ ვიცი რატომ შევადარე თავი ტანია მარიას? ნუთუ იმიტომ, რომ დამენახა, რა მაქვს გაკეთებული წარმატების მისაღწევად? ალბათ… ამის დასანახად აუცილებელია წარმატებულ ადამიანს შეადარო თავი და რადგან, ბოლო დროს, ხშირად მესმის მისი სახელი, სწორედ ტანია მარია გამახსენდა… Read more of this post

არ გვინდა დაზღვევა?

ქართულ ტელევიზიას და საინფორმაციო გამოშვებებს კრიტიკა არ აკლია, მაგრამ ამჯერად მეც უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთი კონკრეტული საკითხის შესახებ, რაც 1 იანვრის ,,ქრონიკის” მთავარი თემა იყო.

ყოველგვარ ჟურნალისტიკას მოკლებული სიუჟეტი სათაურით ,,სადაზღვევო თაღლითობა” გავიდა ,,იმედზე”, რომელიც მოამზადა  ქეთი ქაშაკაშვილმა.  სიუჟეტში საუბარია სადაზღვევო კომპანიების მუშაობის არაკეთილსინდისიერებაზე, რაც ეყრდნობა კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ წინასწარ კვლევებს.

1) დავიწყოთ სიუჟეტის სათაურით – ,,სადაზღვევო თაღლითობა”, სქოლიოში მინაწერი კი კითხვაა : ,,სახელმწიფო პროგრამებიდან მითვისებული თანხები?” ვხედავთ, რომ წინადადების ბოლოს დგას კითხვის ნიშანი, რაც დაუზუსტებლობას ნიშნავს… რატომ უნდა მისცეს ჟურნალისტმა თავს უფლება, რომ სიუჟეტს ასეთი დაუსაბუთებელი სათაური დაარქვას?

2) 2008–2010 წლებში სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებს გამოუყო 284, 080, 895 ლარი საიდანაც თანხის უმეტესი ნაწილი უნდა მოხმარებოდა უმწეოთა დაზღვევის პროგრამას, აქედან 114, 335, 309 ლარი დაზღვეულ მომხმარებლებზე დაიხარჯა, დანარჩენი 60% კი სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი კვლევის მიხედვით, სადაზაღვევო კომპანიების ბიუჯეტში შევიდა დაუბეგრავი მოგების სახით.

Read more of this post