მე და მაკარტნი ,,Beatles Club”-ში

რა საშინელებაა დილაადრიან ნაბახუსევზე გაღვიძება, როცა თავი გისკდება, ,,მაღლივში” კი გამოცდა არ ითმენს… არადა წინა დღე-ღამე ისეთი ბედნიერი იყო, რომ საერთოდ არ გაგხსენებია გამოცდა, რომ გაგხსენებოდა მიანც ,,დაიკიდებდი”, რადგან შენი საყვარელი მუსიკოსის დაბადების დღეზე იყავი და მთელი ღამე, პერსონალურად, შენთვის მღეროდა…

გუშინ 18 ივნისი იყო და არავითარი საქმე არ მქონდა, მთელი დღე სახლში ჯდომას და დასვენებას ვაპირებდი… საღამოს 7 საათი იქნებოდა, როცა ტელეფონმა დარეკა, დავხედე ეკრანს და ,,Paul” აწერია… ,,ვა, მაკარტნი რეკავს, არადა რამდენი ხანია რა გავხსენებივარ”:

– გისმენ პოლ, რამ გაგახსენა ჩემი თავი, სად დამეკარგე შე უნამუსო კაცო?

– რავი ქილიფ, ტურნე-ტურნე, ტურნე-ტურნე აღარ შემიძლია უკვე, დღევანდელი დღეც ძლივს გამოვჭერი და ჩამოვედი. კიდე მე ვარ უნამუსო? არ გცხვენია ბიჭო? მე უნდა გირეკავდე დღეს?

– დღეს რა, რითია განსაკუთრებული დღე? გორდონ ბრაუნი მოკვდა თუ ჯონის წლისთავია?

– რა რიცხვია ბიჭო დღეს? უნამუსო ხარ აბა რა ხარ? არ იყავი ამ დარეკვის ღირსი…

– 18 ივნი… ვაიმე პოოლ! ჩემი სიკვდილი, რამ დამავიწყდა? აუ მართლა შემაგინე თუ გინდა, ნამდვილად ღირსი ვარ, როგორ უნდა დამვიწყებოდა შენი დაბადების დღე? 68-ის გახდი ხო?… აუ მაპატიე და გილოცავ რა! ხო იცი როგორ მიყვარხარ, გავითიშე უბრალოდ…

– კარგი ხო, ვიცი რა დაბნეულიც ხარ ბოლო დროს და შენგან რა უნდა მეწყინოს, რამდენი ხანია არ მინახიხარ, მომენატრე… სად ხარ ახლა?

– სად ვიქნები, სახლში ვზივარ და მახათს ვეძებ.

– უახლოესი მეგობრები არიან აგერ ,,Beatles Club”-ში რუსთაველზე და გამოირბინე რა, შენს გარეშე არ ვიწყებთ.

– აუ მაგ უბედურებაში რამ ჩაგიყვანათ? თუმცა რამდენს შვება სახელი?  კაი ხო 20 წუთში მანდ ვარ…

უცბად გადავიცვი მაისური, ჩავიცვი კედები, გავაჩერე ტაქსი, დავევაჭრე (როგორც ყოველთვის) და 15 წუთში კლუბში ვიყავი კიბეზე… პირველივე, პოლი გამომეგება და როგორც 20 წლის უნახავ მეგობრებს შეეფერება, ისე გადავეხვიეთ ერთმანეთს… ჩახუტების შემდეგ ჯიბეში 50 ლარიანი ,,ჩავუკუჭე” და მოვუბოდიშე: ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარი-თქო… გამიღიმა, ხელი გადამხვია და მაგიდასთან დამსვა, თან მეგობრებს მაცნობდა ნელ-ნელა… არცერთს არ ვიცნობდი და სახეზეც არავინ მყავდა ნანახი, მაგრამ ეტყობოდათ, კარგი ხალხი უნდა ყოფილიყვნენ…

პოლმა ჭაჭა შემოდგა მაგიდაზე და მომმართა: ,,შენს საპატივცემულოდ დღეს მხოლოდ ჭაჭა დაილევა, ყველა დაკრული სიმღერა კი მხოლოდ შენ მოგეძღვნება”! დავიბენი… გაკვირვებულმა ვკითხე: ,,კი მაგრამ დღეს ჩემი დაბადების დღეა თუ შენი”? გამიღიმა და მეგობრებს მიუბრუნდა: ,,ეს კაცი ისე მომენატრა, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მას მინდა მივუძღვნა, იმედია წინააღმდეგი არც თქვენ იქნებით და მოდით მოვილხინოთ, ისე, როგორც ამ ქვეყანაშია მიღებული”…


ბევრი რომ არ გავაგრძელო, მართლა ქართულად ჩავთვერით და ფეხზე ძლივს ვიდექით, მაგრამ არავითარი შელაპარაკება, ,,გამო გარეთ ვიბაზროთ” და ,,კაი ბიჭების ძმა ვარ, ბიჭო” არ ყოფილა… მთვრალი პოლი არაჩვეულებრივად მღეროდა და ბოლოს მთხოვა: ,,კიდევ ერთ სიმღერას მოგიძღვნი, ოღონდ შენც უნდა მიძღვნა შენეული ,,ბრეიქ-დანსი”. რა პრობლემაა თქო და ,,Simply Having A Wonderful Christmas Time”-ის გაგონებაზე მაშინვე ავცეკვდი, მაგრამ მოულოდნელად ხელი რაღაცას ძალიან მწარედ ჩამოვარტყი და…


… და ასე გამომეღვიძა თავატკიებულს გამოცდის წინ… არაუშავს, გამოცდას როგორმე დავწერ, ეს მოგონება კი ცხოვრების ბოლომდე გამყვება…

Happy Birthday Paul

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to მე და მაკარტნი ,,Beatles Club”-ში

  1. notespost says:

    აუ, რა მაგარია აქ რომ გადმოხვედი, მარა ეს შავი ფონი რაღაც არ მომწონს :))))))
    პ.ს. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი პოსტია :)))) :* :*

  2. გამოხმაურება: მე და მაკარტნი ,,Beatles Club”-ში « ბლოგზმანება

  3. პირველად შემშურდა სხვისი სიზმრის 😀 როგორც წესი, ჩემი სიზმრებით ძალიან კმაყოფილი ვარ ხოლმე, მაგრამ ასეთი მაგარი სიზმარი ჯერ არ მინახავს 😀

დატოვე კომენტარი