ნუ, რა აღარ მინახავს ამ ცხოვრებაში?!
February 5, 2011 17 Comments
- კონსერვატორიაში მინახავს ,,თბილისის ბიგ ბენდის” კონცერტზე, ჩემ წინ მჯდომი და ტელეფონში ,,გალაქტიკის” მოთამაშე ლადო ბურდული.
- მელიქიშვილზე მინახავს ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც პატარა წვენის დალევა ნაგვის ურნიდან 2 მეტრის მოშორებით დაამთავრა, გახედა კიდეც სანაგვეს, მაგრამ მაინც ძირს დააგდო და გაიარა… თუმცა, იქვე ვნახე სტუდენტი გოგო, რომელმაც აიღო ეს ქილა, ნაგვის ურნაში ჩააგდო და სახეზე სიამოვნება აღებეჭდა. გაუხარდა, რომ კარგი რამ გააკეთა…
- შარდენზე მინახავს უზომოდ მთვრალი მღვდელი, რომელიც 35 წლამდე, მშვენიერი გარეგნობის ქალს ხვეწნით ეუბნებოდა – ,,ამაღამ ჩემთან დარჩი და ყველა ცოდვას მოგინანიებო”.
- კარაოკე ბარში მინახავს 30-მდე ქართველი ბლოგერი ერთად თავმოყრილი და, ჰოი, საოცრებავ! იმ დღით კმაყოფილი დავრჩი.
- პეკინზე მინახავს, როგორ აგინა ვიღაც ღიპიანმა კაცმა თავისთვის მიმავალ ტრანსვევსტიტს და დასარტყმელადაც კი გაიწია, მაგრამ გაექცა ეს უკანასკნელი. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ჩემ გარდა, 2 მომღიმარი პოლიციელი ადევნებდა თვალს.
- მეტროში მინახავს ,,თავმოყვარე” მათხოვარი კაცი (აი ის, რომ უსტვენს ხოლმე), რომელმაც რაღაცაზე შეკამათების შემდეგ, ისთვის გაწვდილ ხურდას ხელი აუკრა და უზრდელ ახალგაზრდას უთხრა – ,,მე შენი მათხოვარი არა ვარ, შე, ნაბიჭვაროო”.
- მინახავს სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მორაკრაკე შარდის მდინარეები; სასტიკად ნაცემი და სახედალურჯებული მეძავი ქალები; მშობლების ცემით, მუდამ თვალებაცრემლებული პატარა ბავშვები; ცეცხლმოკიდებული და ხეზე ჩამოკიდებული კატა-ძაღლები………..
მოკლედ, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ სანახავი მაქვს. თავიდან იუმორისტულად დაწერას ვეცადე, მაგრამ რეალობას მაინც ვერ ავცდი…





Recent Comments