მონტაჟ-მონტაჟ შეკოწიწებული ,,სპეციალური რეპორტაჟი”
March 13, 2011 52 Comments
რამდენიმე დღის წინ, ვაკეში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვედი თუ არა, ჟურნალისტმა გოგომ და ოპერატორმა გამაჩერეს, რამდენიმე კითხვას დაგისვამთო…
არც მაშინ გავამახვილე მათზე ყურადღება, არც გუშინდელი სიუჟეტის ნახვის მერე ვაპირებდი რამის დაწერას, ვთვლიდი, რომ ყველა ერთსულოვნად აღიარებდა სიუჟეტის ,,მარაზმულობას”, ერთ-ორ აუგ სიტყვას იტყოდნენ ,,სპეციალურ რეპორტაჟზე” და ყველაფერი მალევე მიეცემოდა მივიწყებას… მაგრამ ასე არ მოხდა და ამ სიუჟეტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვნახე რომ ჩემი ფეისბუქ-მეგობრები აშეარებდნენ ამ სიუჟეტს, რასაც კომენტარებში მოჰყვებოდა ორგვარი შეფასება: 1) ფუ, რა იდიოტური სიუჟეტია, აი კიდევ ერთი მოდელირებული სპეც. რეპორტაჟი; 2) ვაიმე ღმერთო, რა დღეშია საქართველო? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი გაუნათლებლები? მცხვენია რომ ასეთ ახალგაზრდებს სტუდენტები ჰქვიათ!
… ახლა კი დავუბრუნდები მიწისქვეშა გადასასვლელთან შემდგარ საუბარს. ჟურნალისტმა ,,იმედის” ლოგოიანი მიკროფონი მომიშვირა და რამდენიმე კითხვა დამისვა, მე კი ვპასუხობდი…
ვუპასუხე რომ: პეტრე მელიქიშვილი უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო; ბიჭოლა -დიზაინერი; ილია მართალი – ილია ჭავჭავაძე; იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი; ვუთხარი რომ შოთა რუსთაველს არასდროს უმეფია და კონსტანტინე გამსახურდიაც არასდროს ყოფილა პრეზიდენტი…
ჟურნალისტმა გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, თავის დაკვრით მადლობა გადამიხადა და ოპერატორს უთხრა: ,,მგონი ვეღარავის ვამატებთ და რაც გვაქვს მარტო იმის მონტაჟი მოგვიწევს”… ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე ნეტა რა სიუჟეტს აკეთებენ? რისთვის ჩამწერეს მეთქი, მაგრამ მალევე დავუბრუნდი, მათ შეხვედრამდე შეწყვეტილ ფიქრებს და გზა გავაგრძელე…
ახლაღა ვხვდები როგორ გამიცრუებია იმ ჟურნალისტის იმედები… ამ პოსტით კი პასუხს ვცემ იმ კითხვას, რომელიც ყველას აწუხებს ვინც კი ეს სიუჟეტი ნახა: როგორ დავიჯერო რომ სწორი პასუხი არცერთ რესპოდენტს არ გაუცია? – არც უნდა დაიჯეროთ ![]()



Recent Comments